English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ რამაზ აბესაძე
სოფლის ეკონომიკის პრობლემები პოსტსაბჭოთა საქართველოში

რეზიუმე

სტატიაში განხილულია პოსტსაბჭოთა ქვეყნების, კერძოდ საქართველოს, სოფლებში არსებული მდგომარეობა, ამ სფეროს სახელმწიფო რეგულირების თვალთახედვით. გამოვლენილია არსებული პრობლემები, დასაბუთებულია სოფლის სახელმწიფო მხარდაჭერის აუცილებლობა და განსაზღვრულია მისი ძირითადი მიმართულებები. 
საკვანძო სიტყვები: სოფლის ეკონომიკა, ჯიშთა გამოცდისა და განახლების სისტემები, საირიგაციო-სადრენაჟო სისტემები.

შესავალი

საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენამდე შეიმჩნეოდა კრიზისული მოვლენები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლის, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ეკონომიკის არაკონკურენტუნარიანობის, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემის ძირეული გარდაქმნის (ტრანსფორმაციული პროცესების) გამო.

ეკონომიკური დაქვეითების მხრივ განსაკუთრებით მძიმე იყო 1991-1994 წლები, როდესაც ობიექტურად არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს შინაომები და შეიარაღებული კონფლიქტები აძლიერებდა.

ზემოთ აღნიშნულ წლებში საქართველოში მკვეთრად შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა – 1994 წელს 1990 წელთან შედარებით მან 27% შეადგინა. კიდევ უფრო შემცირდა მრეწველობის მოცულობა (1994 წელს სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 1990 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 16 პროცენტის ტოლი იყო), კატასტროფულად შემცირდა მშენებლობის მასშტაბები, მკვეთრად დაეცა ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფის დონე, თითქმის განახევრდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობა. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა საქართველოს სოფლებში შემდგომში კიდევ უფრო გაუარესდა. მიუხედავად ახალი მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისიებებისა მდგომარეობა დღესაც საკმაოდ მძიმე რჩება. 1992 წელს განხორციელებულმა რეფორმებმა (რომელიც გრძელდებოდა შემდგომ წლებშიც) გარკვეულწილად შეამსუბუქა გლეხების მდგომარეობა, მაგრამ მიწების განაწილებამ ძირითადად წვრილი გლეხური მეურნეობები ჩამოაყალიბა, რაც არ იძლევა საშუალებას სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისა, მაღალმწარმოებლური ტექნოლოგიების გამოყენების შეუძლებლობის გამო. რის შედეგადაც სასოფლო წარმოება ორიენტირებულია მოხმარებაზე. სასაქონლო პროდუქცია იწარმოება მცირე რაოდენობით. დღეისათვის საქართველოს სოფლებში ცხოვრობს მოსახლოების 50%, ხოლო აქ იწარმოება მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%.

სოფლის ეკონომიკა

სასოფლო ადგილი (countryside), ანუ, მოკლედ, სოფელი წარმოადგენს დასახლებულ ტერიტორიას ქალაქების გარეშე. ეკონომიკის თვალსაზრისით იგი მოიცავს ბუნებრივ და ანთროპოგენურ ლანდშაფტებს და აქ, სასოფლო წარმოების გარდა, შეიძლება ფუნქციონირებდეს: სატყეო მეურნეობა; მონადირეობა; მეთევზეობა; სასოფლო პროდუქციის გადამამუშავებელი წარმოება; მომპოვებელი და გადამამუშავებელი (არასასოფლო-სამეურნეო პროდუქციის) მრეწველობა (როგორც წესი, შედარებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებით); სოფლის ინფრასტრუქტურა; კულტურული (კინოთეატრები, კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები), რეკრეაციული (ტურიზმი და ექსკურსია, დასასვენებელი სახლები, პლაჟები, პარკები და სხვ.), სავაჭრო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და მომსახურების სხვა დარგები. ასევე შეიძლება ხორციელდებოდეს ბუნებისდაცვითი და საკომუნიკაციო საქმიანობა და სხვ. მაშასადამე, როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს სოფლის ეკონომიკასთან და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობასთან, რომელთანაც ძალიან ხშირად ასოცირდება იგი. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს სოფელი ქვეყნის სიძლიერის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ამაღლების საქმეში. ამიტომაა, რომ ეკონომიკური განვითარება, ანუ ეკონომიკის გადასვლა თვისებრივად ახალ მდგომარეობაში, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სოფლის განვითარებაზე. ჩამორჩენილი სოფლის არსებობა ნიშნავს, რომ მთელი ეკონომიკა არ არის სათანადოდ განვითარებული, რომ დაბალია კაპიტალის ხარისხი (როგორც ფიზიკური, ისე ადამიანისეული), ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური ცოდნის დონე, არასრულყოფილია საკუთრების ფორმები და ინსტიტუციები, არარაციონალურად გამოიყენება რესურსები (ბუნებრივი, შრომითი, ინტელექტუალური და სხვა), არაპროგრესულია ეკონომიკის სტრუქტურა, არაეფექტიანია ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება და ა.შ., მაშასადამე, დაბალია ეკონომიკური განვითარების დონე.

აგრარული წარმოება თუ მრეწველობა?

მაგრამ ისმის კითხვა, ეკონომიკის რომელი დარგი უნდა განვითარდეს წინმსწრები ტემპებით? აგრარული (სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მონადირეობა, მეთევზეობა) თუ მრეწველობა? 

ისტორია გვიჩვენებს, რომ ათასწლეულების განმავლობაში სწორედ სოფელი წარმოადგენდა ადამიანთა დასახლებისა და ეკონომიკური საქმიანობის ადგილს. ამასთან, იმავე ათასწლეულების განმავლობაში მწარმოებლურობა, მანამ, სანამ მრეწველობის ჩასახვა და განვითარება არ მოხდა, სოფლად თითქმის მუდმივი და დაბალი იყო, გამოიყენებოდა შრომის უმარტივესი იარაღები (თოხი, ბარი, ნაჯახი, ცელი) და მეურნეობას ძირითადად ნატურალური ხასიათი ჰქონდა, ეკონომიკური ურთიერთობებიც არქაული ხასიათის რჩებოდა. სწორედ მრეწველობის განვითარებამ შეუწყო ხელი ეკონომიკის სხვა დარგების (მშენებლობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, მომსახურება და სხვ.), მათ შორის, აგრარული დარგების, კერძოდ, სოფლის მეურნეობის განვითარებას. დღესაც სწორედ მრეწველობაა ეკონომიკის სხვა დარგების განვითარების ძირითადი საფუძველი, ხოლო ეკონომიკის ყველა დარგი ერთად აღებული, სოფლის განვითარების (იგულისხმება სოფლის ეკონომიკა და აქ მცხოვრებთა კეთილდღეობის ამაღლება) საფუძველი. Aამდენად, თუ ქვეყანას მრეწველობა არ აქვს განვითარებული, იგი ეკონომიკის სხვა დარგებს, მათ შორის, სოფლის ეკონომიკასაც ვერ განავითარებს. მართალია, გლობალიზაციის პირობებში ეს მოთხოვნა იმდენად მკაცრად არ დგას, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ესოდენ დიდი მნიშვნელობის მქონე დარგი რომ მთლიანად უცხოეთზე იყოს დამოკიდებული, მიუღებელია.

საჭიროა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო დარგების მხარდაჭერა?

ასევე მნიშვნელოვანია საკითხის გარკვევა იმის შესახებ, საჭიროა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო დარგების განვითარებისა და სოფელ ადგილებში ცხოვრების დონის ამაღლებისადმი მხარდაჭერა თუ ეს, თავისთავად, თავისუფალი საბაზრო ძალების მოქმედებით მიიღწევა?

მსოფლიოში დღეისათვის არსებობს სოფლის მეურნეობის ორი ტიპი. Pპირველი, განვითარებული ქვეყნების აგრარული სექტორი, მაღალინტენსიური საქონლური სოფლის მეურნეობა, რომელიც იყენებს არა მხოლოდ მექანიზაციისა და ქიმიზაციის, არამედ ავტომატიზაციის მთელ არსენალს - სელექციის, გენეტიკის, ბიოტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს, რაც განაპირობებს შრომის მაღალმწარმოებლურობას, რომელიც უტოლდება მრეწველობაში არსებულ შრომის ნაყოფიერებას. აქ ფერმერთა მცირე რაოდენობა არჩენს მთელ ქვეყანას.Fფერმათა ფუნქციონირების პრინციპები თითქმის შეესაბამება ფირმათა ფუნქციონირების პრინციპებს. მეორე, განვითარებადი ქვეყნების დაბალგანვითარებული აგრარული სექტორი, სადაც ჭარბობს ტრადიციული (ნატურალური) მომხმარებლური სოფლის მეურნეობა, დიდრიცხოვანი ფერმებით, სადაც ადგილი აქვს დაბალმექანიზებულ წარმოებას, რომელიც ემყარება ისევ პრიმიტიული იარაღების გამოყენებას, რომელიც განაპირობებს შრომის დაბალნაყოფიერებას. განვითარებულ ქვეყნებში სოფლად არსებობს მაღალხარისხოვანი ინფრასტრუქტურა, რაც განაპირობებს ზღვრის წაშლას ქალაქსა და სოფელს შორის. განვითარებად ქვეყნებში კი მდგომარეობა სრულიად პირიქითაა. მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს ანტისანიტარიის, წყლის, ბუნებრივი აირის, გზის და ა.შ. უქონლობის პირობებში. ჯერჯერობით დაბალია სოფლის განვითარების დონე ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიც, მათ შორის საქართველოშიც.

პოლიტიკოსთა და მეცნიერთა (მათ შორის, ქართველ მეცნიერთა) [მაგ.: აბესაძე 2011; ბურდული 2013; კოღუაშვილი 2002; სასურსათო... 2010; ქავთარაძე 2010; Добросоцкий В. 200; Ревишвили 2011; Хадури 2011; Когуашвили 2011] უმრავლესობა მხარს უჭერს სახელმწიფოს მხრიდან სოფლის განვითარებისადმი დახმარების აუცილებლობას.

აგრარული წარმოებისა და ცხოვრების დაბალი დონის მქონე პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის სოფლისადმი დახმარების აუცილებლობას განაპირობებს:

1. სოფლის მეურნეობის განვითარებას ხანგრძლივი წინა პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა (მრეწველობისა და სხვა დარგების საპირისპიროდ). კოლექტივიზაციამ ვერ შექმნა პირობები აგრარული სექტორის განვითარებისათვის. კოლექტივი, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებული იყო კოლექტიურ საკუთრებად, ფაქტობრივად მაინც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და იმავე მეთოდებით იმართებოდა, როგორც ჩვეულებრივი საბჭოთა საწარმო. ამიტომ, შრომის ნაყოფიერება პირად საკუთრებაში მყოფ საკარმიდამო ნაკვეთებზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე კოლმეურნეობებში, არა მექანიზაციისა და აგროტექნიკის უფრო მაღალი დონის გამო (პირიქით, მექანიზაციისა და აგროტექნიკის უფრო მაღალი დონე იყო კოლმეურნეობებში), არამედ უფრო ძლიერი სტიმულების არსებობის გამო. რასაკვირველია, გლეხებს პირად საკარმიდამო ნაკვეთებზე მექანიზაციის დონის ამაღლება, დაბალი შემოსავლების გამო, არ შეეძლოთ (კოლმეურნეობაში კი მათი შემოსავალი უმნიშვნელო იყო). Aამდენად, მექანიზაციის დონე ძლიერ დაბალი რჩებოდა, ხოლო ეკონომიკური სტიმული კოლმეურნეობებში ნულის ტოლი იყო და აქ თითქმის იძულებითი შრომა გამოიყენებოდა. შედარებით კარგი მდგომარეობა იყო საბჭოთა მეორნეობებში (მექანიზაციისა და ანაზღაურების უფრო მაღალი დონე), თუმცა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება, მაღალი სტიმულების ამოქმედება, საერთო საკუთრების არსებობის გამო, აქაც ვერ ხერხდებოდა. საბჭოთა წყობილების პირობებში ასევე ძლიერ განუვითარებელი იყო სოფლის ინფრასტრუქტურა (თუმცა სახელმწიფო ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებდა). ქალაქსა და სოფელს შორის უფსკრული თანდათან ღრმავდებოდა და სოფლად მოსახლეობის შენარჩუნება მკაცრი საპასპორტო რეჟიმის არსებობით ხერხდებოდა. თუმცა, მოსახლეობის დენადობას ადგილი მაინც ჰქონდა. ამ მხრივ უფრო კარგი მდგომარეობა იყო პოლონეთსა და იუგოსლავიაში (მიწები აქ თითქმის კერძო საკუთრებაში იყო), მაგრამ სახელმწიფოს არაეკონომიკური ჩარევის გამო, სოფლის მეურნეობის განვითარების დონე აქაც დაბალი რჩებოდა. მაშასადამე, პოსტკომუნისტურ ქვეყნებს სოფლად მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ.

2. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, კოლმეურ¬ნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ერთი ხელის მოსმით განადგურების შედეგად, მოისპო ის პოტენციალიც, რომელიც არსებობდა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში მათი თანდათან გარდაქმნა ფერმებად შესაძლებელი იყო.

3. მიწების პრივატიზაციამ, დადებით შედეგებთან ერთად, მათი დაქუცმაცება გამოიწვია. Mმცირე მიწაზე, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაშიც კი, სასაქონლო სასოფლო პროდუქციის წარმოება შეუძლებელია და ოჯახის შემოსავალი ქალაქში ანალოგიური ოჯახის შემოსავლების ტოლი ვერ იქნება.

4. საბოლოოდ, დღეისათვის მივიღეთ ნახევრად ნატურალური (საქართველოში ფერმათა 90% ნატურალურია), დაბალმექანიზებული (ძირითადი იარაღი კვლავ თოხი, ბარი და ნაჯახია) და ამიტომ დაბალნაყოფიერებისა და განუვითარებელი ინფრასტრუქტურის მქონე სოფელი. ამდენად, მართალია, მიწების პრივატიზაციის შედეგად სტიმულები კი გაიზარდა, მაგრამ საწყისი უაღრესად მძიმე პირობების გამო სოფლად მცხოვრებს არ შეუძლია ყველა სიძნელის გადალახვა და განვითარებული სასოფლო წარმოების ჩამოყალიბება. Aამიტომ, სასოფლო ოჯახის წევრთა ნაწილი იძულებულია, წავიდეს საზღვარგარეთ ან ქალაქში და ძირითადად არა მუდმივი სამუშაოთი არჩინოს ოჯახი.

5. საზღვარგარეთიდან შემოიტანება იაფი (ხშირ შემთხვევაში უხარისხო) სასოფლო პროდუქცია, რაც ანადგურებს ადგილობრივ ბაზრებს.

6. სოფლის მეურნეობის სფერო კაპიტალის მოზიდვისადმი, მისი გარემო პირობებზე ძლიერი დამოკიდებულების გამო (წყალდიდობა, სეტყვა, გვალვა…და ა. შ.), სარისკოა. ამიტომაა, რომ ბანკები ძირითადად მშენებლობასა და ვაჭრობის სფეროს აფინანსებენ. ასევე, სოფლად სადაზღვევო სისტემის განუვითარებლობის გამო, ნაკლებადაა დაინტერესებული კერძო ბიზნესი.

7. დამატებით დანახარჯებს საჭიროებს ნიადაგის შენარჩუნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზნით გამოყენებისათვის, რაც კიდევ უფრო ართულებს ფერმერის (გლეხის) მდგომარეობას.

8. მსოფლიოში სავარგულების შემცირებისა და მარც¬ვლეულის ენერგეტიკული მიზნებისათვის გამოყენება არა მარტო აძვირებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, არამედ გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხის წინაშე აყენებს კაცობრიობას. ასეთ პირობებში ეროვნული სასოფლო წარმოების განვითარება ქვეყნის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია.

ნათელია, რომ განვითარებად ქვეყნებში სოფლისადმი დახმარების გარეშე სასოფლო წარმოების არათუ განვითარებას, არამედ კიდევ უფრო დაქვეითებას ექნება ადგილი, ვინაიდან გლობალიზაციის, მკაცრი კონკურენციის პირობებში (როდესაც ერთ მხარეზეა მაღალმექანიზებული და ავტომატიზებული ფერმები, ხოლო მეორეზე - წაქცეული სოფელი) სულ უფრო მეტი ფერმერი დატოვებს სოფელს და ეს, შესაძლებელია, სოფლის კატასტროფით დასრულდეს. ამდენად, სახელმწიფო მხარდაჭერა სოფლისადმი აუცილეელია. საკვების მოპოვება და ყველა სხვა სიკეთის მიღება, რომელიც სოფელს გააჩნია, მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს მეშვეობით. 

ასეთი პოლიტიკა ხორციელდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, არა მხოლოდ განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიაც _ ევროკავშირში [გრიშიკაშვილი 2005], იაპონიაში [Алиев], აშშ-ში [Мальцева] და ა.შ. თვით პოლონეთში (რომლის წარმომადგენელი ცნობილი მეცნიერი და ამ ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწე ლეშეკ ბალცეროვიჩი თვლის, რომ სოფელი არ საჭიროებს სპეციფიკურ მიდგომას, რომ აქ არ იწარმოება განსაკუთრებული პროდუქცია და, რომ ამ სფეროშიც წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალი საბაზრო, ლიბერალური მეთოდებით) [ბალცეროვიჩი 2004] წარმატებით ხორციელდება სოფლისადმი მხარდაწჭერის პოლიტიკა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასოფლო პროდუქცია განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ქვეყანამ შეიძლება გაუძლოს ნებისმიერ სიძნელეს, მაგრამ არა შიმშილს და რომ დღევანდელ პირობებში სოფელი საჭიროებს სპეციფიკურ მიდგომას, ვინაიდან იგი აღმოჩნდა კომპლექსური სიძნელეების წინაშე, რომელთა გადაწყვეტა თავად არ შეუძლია და საჭიროა მისი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან. გასაგებია, ლ. ბალცეროვიჩი ფრთხილობს, რომ სოფლის მეურნეობისადმი სახელმწიფოს დახმარება არ გადაიზარდოს ინტერვენციონალიზმში, რომე¬ლიც არის ბევრი უარყოფითი მოვლენის წყაროა.

სახელმწიფოს როლი

როგორც მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილება გვარწმუნებს სინერგიული ეფექტი მიიღწევა მაშინ, როდესაც ეკონომიკაში დომინირებს კერძო სა¬კუთრება, ადგილი აქვს სამეურნეო თავისუფლებას, კონკურენციას, ჯანსაღ ფინანსებს, ბიუჯეტის დაბალანსებუ¬ლობას, გადასახადების ოპტიმალურ სიდიდეს და ა.შ. ამ პროცესების ნორმალიზაციაში უდიდესი როლი ეკუთვნის სახელმწიფოს. სწორედ მისმა სწორმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს ზემოთ ხსენებული პირობების დამყარება ეკონომიკაში, მოახდინოს პატერნალიზმის, ეტატიზმის, ნეპოტიზმის, კორუფციისა და ნებისმიერი სხვა უარყოფითი გამოვლინების აღმოფხვრა). მაგრამ, ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ის მოვალეობები, რომელიც მას საერთოდ აკისრია არა მხოლოდ სხვა დარგებისა და ქალაქისადმი, არამედ სოფლის ეკონომიკისა და სოფლისადმი, რასაც, მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში, დღემდე სრულყოფილად არ ასრულებდა და რამაც სოფელი თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა. დღეისათვის კი მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა ზოგიერთი დამატებითი ფუნქციის შესრულებაც. მართალია, კონკურენციის არსებობა საბაზრო მექანიზმის ერთ-ერთი უძირითადესი ელემენტია, მაგრამ, ხშირად დგება მომენტი (საბაზრო ჩავარდნების გამო), როდესაც ურთიერთდახმარებას არანაკლები მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. რასაკვირველია, აქ საუბარია არა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ეხმარებოდეს ნებისმიერ საწარმოს ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია მთელი ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, როდესაც ადგილი აქვს მთელი ეკონომიკისათვის ნეგატიური მოვლენების წარმოშობის საფრთხეს. ამას მოწმობს სწორედ სოფლის მეურნეობის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში. ამიტომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდის, ჩამოყალიბდეს სოფლის მეურნეობა მაღალეფექტური საქონლური ფერმებით, განვითარდეს სხვა სასოფლო დარგები და სოფლად ცხოვრების პირობები მაქსიმალურად დაუახლოვდეს ქალაქისას. ამისათვის სოფლისადმი მხარდამჭერი ღონისძიებების გატარებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს: ისეთი ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც წაახალისებს მიწის ნაკვეთების ზრდას (მიწების გაყიდვის ან იჯარის სტიმულირების გზით); სოფლად ინფრასტრუქტურის (სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და სავარგულებთან მისასვლელი გზები, საირიგაციო-სადრენაჟო და მდინარეთა ნაპირ-სამაგრი სისტემა, წყლით, ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგება) გაუმჯობესება; მექანიზაციისა და ავტო¬მატიზაციის დონის თანდათან ამაღლება; სასუქებით, პესტიციდებითა და ქიმიკატებით მომარაგება; სათესლე და სანერგე მეურნეობების, ჯიშთა გამოცდისა და განახლების სისტემების აღდგენა და განახლება; ჯანდაცვის, განათლების, კულტურის დონის ამაღლება; ახალი ტექნოლოგიების (მექანიზაცია, ავტომატიზაცია და ბიოლოგია) დანერგვა იაფასიანი კრედიტების, საზღვარგარეთიდან დახმარებების მიღებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, უშუალო სუბსიდირების გზით; პროდუქციის რეალიზაციის მხარდაჭერა ტექნიკური, ზომიერი პროტექციონისტული პოლიტიკისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარების მეშვეობით, ექსპორტის წახალისებით, სადაზღვევო სისტემის შექმნით; სოფელ ადგილებში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, ეკონომიკის სხვა დარგების საწარმოთა (სოფლის პროდუქტების გადამამუშავებელი, საკონსერვო და ტურისტული საწარმოები, სასაწყობო მეურნეობები, მეფრინველეობის ფაბრიკები, ფერმები, ყველის მინიქარხნები, ღვინის ქარხნები, სახერხები, მაღაზიები, ავტოსერვისი, Mმშენებლობა, საშენ მასალათა, ფქვილისა და პურფუნთუშეულის, ძეხვის წარმოება და ა.შ.) შექმნა; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო რეზერვების შექმნა; ხარისხიანი სათესლე-სანერგე მასალების შეძენა; ექსტენციის სისტემების შექმნა; სოფლის მომსახურე ბაზის (ტრაქტორების და სხვა სასოფლო დანიშნულების მანქანების, მოწყობილობების, დანადგარებისა და ა. შ.) ფორმირება და განვითარება; ფასის მნიშვნელოვნად შემცირება შხამ-ქიმიკატებზე, პესტიციდებსა და საწვავზე; შეღავათიანი სესხის პროგრამების შემუშავება და განხორ¬ციელება; ვეტერინარული და აგრონომიული სამსახურების შექმნა; სურსათის ხარისხის კონტროლის შემოღება; წარმოების კოოპერაციული ფორმების განვითარება, მეთევზეობის, მონადირეობისა და სატყეო მეურნეობის განვითარება სხვა. 

სოფლის სტრუქტურაში ჩადებულ ყოველ ლარს აქვს გრძელვადიანი ეფექტი და იგი ათმაგად ანაზღაურდება აგროწარმოების განვითარების შედეგად.
ეს ღონისძიებები არათუ უნდა ასუსტებდეს ფერმერის სტიმულებს, არამედ უნდა აძლიერებდეს მას. ბუნებრივია, მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს იმაზე, რომ ფერმერი ზრდიდეს წარმოებას, ნერგავდეს ახალ ტექნოლო¬გიებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად გარდაიქმნა თანამედროვე სასაქონლო ფერმად. რასაკვირველია, საზღვარ¬გარეთ ასეთი მდგომარეობის მიღწევას ათწლეულები დასჭირდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უპირატესობა, რომ პირდაპირ, მზამზარეულად გამოვიყენოთ ის მიღწევები, რაც განვითარებულ ქვეყნებში უკვე არსებობს. საქართველოსათვის ეს კიდრვ უფრო იოლია, ვინაიდან ის პატარა ქვეყანაა და დასავლეთი მას დიდ დახმარებებს უწევს. საჭიროა, აგრეთვე, ადგილობრივი ბიზნესის დაინტერესება. ეროვნულ კომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ფერმები და დააბანდონ ინვესტიციები.

საერთო ეკონომიკური განვითარების როლი

ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განსახორციელებ¬ლად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა.ამიტომაა, რომ სოფლის მეურნეობის წარმოების დონე იმ ქვეყნებშია მაღალი, სადაც საერთო ეკონომიკური განვითარების მაღალი დონეა. საქართველოში რეფორმების სწყის ეტაპზე ეკონომიკის სხვა დარგებში უფრო ჰქონდა ადგილი დაქვეითებას, ვიდრე სოფლის მეურნეობაში. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან რეფორმების განხორციელებაში დაშვებული უხეში შეცდომების გამო, ეკონომიკური განვითარების დონე ძალზე დაბალი რჩებოდა. სახელმწიფო ბიუჯეტი იმდენად მცირე იყო, რომ სოფლისადმი სერიოზული დახმარება შეუძლებელიც კი იყო. თუმცა, დღეისათვის შესაძლებელია, ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან ერთად, გაძლიერდეს სოფლისადმი დახმარება (და არა კმაყოფაზე აყვანა) და თანდათან გამოსწორდეს მდგომარეობა. ამის დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების იმედს იძლევა ახალი პოლიტიკური სიტუაცია.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს დახმარება სოფლისადმი შედეგს მოიტანს მაშინ, როდესაც გატარდება იქნება სწორი პოლიტიკა მთელ ეკონომიკაში. რომ სოფლის მეურნეობის განვითარება დიდადაა დამოკიდებული საერთოდ ქვეყნის ეკონომიკის (განსაკუთრებით მრეწველობის) განვითარებაზე. ის წარმატებები, რომლებიც არის განვითარებულ ქვეყნებში, სწორედ საერთო ეკონომიკურმა განვითარებამ განაპირობა. მაგალითად, თუ ეკონომიკა მზად არ იქნება მიიღოს სოფლიდან გამოთავისუფლებული მუშახელი (არადა ამის აუცილებლობა სწორი პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში აუცილებლად დადგება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1932 წლიდან 1992 წლამდე Fფერმერთა რიცხოვნობა ამ ქვეყნის მოსახლეობის 25 პროცენტიდან 2 პროცენტამდე შემცირდა) [ბალცეროვიჩი 2004], მაშინ, როგორც მთელი ეკონომიკისათვის, ისე სოფლის მეურნეობისათვის პროცესები ცუდად წარიმართება. სოფლის ეკონომიკის განვითარების პრობლემები მთელი ეკონომიკის განვითარების პრობლემებთან მჭიდრო კავშირში უნდა იქნეს განხილული.

დასკვნა

მაშასადამე, სოფლის ეკონომიკის განვითარება ძლიერაა დამოკიდებული ქვეყნის მთელი ეკონომიკის (განსაკუთრებით მრეწველობის) განვითარებაზე. ჩამორჩენილი სოფლის არსებობა ნიშნავს, რომ მთელი ეკონომიკა არ არის სათანადოდ განვითარებული, რომ დაბალია კაპიტალის ხარისხი (როგორც ფიზიკური, ისე ადამიანისეული), ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური ცოდნის დონე, არასრულყოფილია საკუთრების ფორმები და ინსტიტუციები, არარაციონალურად გამოიყენება რესურსები (ბუნებრივი, შრომითი, ინტელექტუალური და სხვ.), არაპროგრესულია ეკონომიკის სტრუქტურა, არაეფექტიანია ეკონო¬მიკის სახელმწიფო რეგულირება და ა.შ. არსებობს ბევრი მიზეზი იმისა, რომ განვითარებად ქვეყნებში სოფლისადმი დახმარების გარეშე სასოფლო წარმოების არათუ განვითარებას, არამედ კიდევ უფრო დაქვეითებას ექნება ადგილი, ვინაიდან გლობალიზაციის, მკაცრი კონკურენციის პირობებში (როდესაც ერთ მხარეზეა მაღალმექანიზებული და ავტომატიზებული ფერმები, ხოლო მეორეზე _ წაქცეული სოფელი) სულ უფრო მეტი ფერმერი დატოვებს სოფელს და ეს, შესაძლებელია, სოფლის კატასტროფით დასრულდეს. ამდენად, სახელმწიფო მხარდაჭერა სოფლისადმი აუცილეელია. საკვების მოპოვება და ყველა სხვა სიკეთის მიღება, რომელიც სოფელს გააჩნია, მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს მეშვეობით.

სახელმწიფოს მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს არა უშუალოდ სუბსიდირებით, არამედ ისეთი პროექტების განხორციელებით, რომელიც გრძელვადიან შედეგებზე იქნება გათვლილი: ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც წაახალისებს მიწის ნაკვეთების ზრდას (მიწების გაყიდვის ან იჯარის სტიმულირების გზით); სოფლად ინფრასტრუქტურის (სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და სავარგულებთან მისასვლელი გზები, საირიგაციო-სადრენაჟო და მდინარეთა ნაპირ-სამაგრი სისტემა, წყლით, ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგება) გაუმჯობესება; მექანიზაციისა და ავტომატიზაციის დონის თანდათან ამაღლება; სასუქებით, პესტიციდებითა და ქიმიკატებით მომარაგება; სათესლე და სანერგე მეურნეობების, ჯიშთა გამოცდისა და განახლების სისტემების აღდგენა და განახლება; ჯანდაცვის, განათლების, კულტურის დონის ამაღლება; ახალი ტექნოლოგიების (მექანიზაცია, ავტომატიზაცია და ბიოლოგია) დანერგვა იაფასიანი კრედიტების, საზღვარგარეთიდან დახმარებების მიღებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, უშუალო სუბსიდირების გზით; პროდუქციის რეალიზაციის მხარდაჭერა ტექნიკური, ზომიერი პროტექციონისტული პოლიტიკისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარების მეშვეობით, ექსპორტის წახალისებით, სადაზღვევო სისტემის შექმნით; სოფელ ადგილებში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, ეკონომიკის სხვა დარგების საწარმოთა (სოფლის პროდუქტების გადამამუშავებელი, საკონსერვო და ტურისტული საწარმოები, სასაწყობო მეურნეობები, მეფრინველეობის ფაბრიკები, ფერმები, ყველის მინიქარხნები, ღვინის ქარხნები, სახერხები, მაღაზიები, ავტოსერვისი, Mმშენებლობა, საშენ მასალათა, ფქვილისა და პურ-ფუნთუშეულის, ძეხვის წარმოება და ა.შ.) შექმნა; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო რეზერვების შექმნა; ხარისხიანი სათესლე-სანერგე მასალების შეძენა; ექსტენციის სისტემების შექმნა; სოფლის მომსახურე ბაზის (ტრაქტორების და სხვა სასოფლო დანიშნულების მანქანების, მოწყობილობების, დანადგარებისა და ა. შ.) ფორმირება და განვითარება; ფასის მნიშვნელოვნად შემცირება შხამ-ქიმიკატებზე, პესტიციდებსა და საწვავზე; შეღავათიანი სესხის პროგრამების შემუშავება და განხორ¬ციელება; ვეტერინარული და აგრონომიული სამსა¬ხურების შექმნა; სურსათის ხარისხის კონტროლის შემოღება; წარმოების კოოპერაციული ფორმების განვითარება, მეთევზეობის, მონადირეობისა და სატყეო მეურნეობის განვითარება და სხვა.

ლიტერატურა

1. აბესაძე რ. 2011. ბურდული ვ., დათუნაშვილი ლ. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეგულირების პრობლემები. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის შრომების კრებული, ტ. IV. “თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”;
2. ბურდული ვ. 2013. აგრარული კრიზისის გენეზისი და მისი დაძლევის გზები საქართველოში. საერთაშორისო კონფერენციის მასალების კრებული “პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკების აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე”. თბილისი, “თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2013;
3. ბალცეროვიჩი ლ. 2004. თავისუფლება და განვითარება. თბ., 2004, გვ. 330;
4. გრიშიკაშვილი 2005. ა. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები და ევროპული ინტეგრაცია. თბ., 2005, გვ. 323;
5. კოღუაშვილი პ., ბენია შ. 2012. აგრარული ბაზრის სახელმწიფო რეგულირების ასპექტები საქართველოში. “ეკონომიკა”, 2002, №5;
6. კოღუაშვილი პ., კუნჭულია თ. გლეხს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია სჭირდება და არა პიარპოლიტიკა. „რეზონანსი“, 23. 05. 2012 და სხვ. (http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=10587);
7. სასურსათო უსაფრთხოების პოტენციალის მართვა. 2010. ”აგრარული ეკონომიკის მოამბე”, 2010, ტ. IV;
8. ქავთარაძე თ. 2011. აგრარული რეფორმები და მეცხვარეობის განვითარების პერსპექტივები აღმოსავლეთ საქართველოს ალპურ მეცხოველეობაში. “ეკონომისტი”, 2011, №4;
9. Алиев В. Сельское хозяйство в Японии.
2010http://btime.az/page.html?id_node=358&id_file=1333&lang=
10. Добросоцкий В. Государственное регулирование продовольственного рынка (зарубежный опыт). – МЭиМО, 2000, №9
11. Когуашвили П. 2011. Еще раз о сельскохозяйственной политике Грузии (материалы семинара Тб., 2011)
(http://georgiamonitor.org/upload/medialibrary/faf/faf06c586d675aac8e1bba05a70025dc.pdf);
12. Мальцева В.А. Государственная аграрная политика США на современном этапе.
http://gglobal.aef.kz/economy/public/detail.php?id=21395
13. Ревишвили З. Вопросы определения модели аграрной политики и стратегии Грузии;
(http://georgiamonitor.org/upload/medialibrary/faf/faf06c586d675aac8e1bba05a70025dc.pdf);
14. Хадури Н. Роль сельского хозяйства Грузии в достижении макроэкономической стабильности.
(http://georgiamonitor.org/upload/medialibrary/faf/faf06c586d675aac8e1bba05a70025dc.pdf).